
"გვიწევს დეპუტატების შეკავება, ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც დგას პარლამენტის გარშემო"
29/11/2019 07:00:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ადრიანად პარლამენტში უმრავლესობის სხდომის გამო მივიდნენ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გაიარეს პოლიტიკური საკითხები. რაც შეეხება აქციებს, მისი თქმით, უწევთ "დეპუტატების შეკავება, რომ არ გამოხატონ ემოციები, რაც მათ გარე აქციებთან მიმართებაში აქვთ".
"ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც დგას პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზეა საუბარი. ოპოზიცია მძიმე მდგპმარეობაშია. ისინი 200 კაცზე მეტს ვერ კრიბავენ.ოპოზიცია მძიმე კრიზისშია და ეძებს გამოსავალს. ისინი არიან მილევად რეჟიმში და არა მხოლოდ აქციის კუთხით, არამედ ზოგადად, პოლიტიკურად. არიან აბსოლუტურად დესტრუქციულ გარემოში, რაც ალბათ თავადაც არარ მოსწონთ, რადგან დესტრუქცია კარგია მაშინ, როდესაც ზურგს აქტივი გიმაგრებს",– აღნიშნა კობახიძემ.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომპრომისი დაუშვებელია.
"ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება – საარჩევნო სისტემა დარჩება ისეთი, როგორიც არის. შესაძლოა, სიმშვიდეზე ვთქნხმდებოდეთ, რომ ქვეყანა მშვიდად ცხოვრობდეს და ეს სტრესული სიმტუაცია იქნას მოხსნილი, მაგრამ კომპრომისი დაუშვებელია. არავითარი კრიზისი არ არსებობეს. კრიზისს ქმნის 20 ადამიანი ოჯახის წევრებით და ძალიან მცირე მომხრეებით. გამორიცხულია, დაუშვებელია, მათ ჭკუაზე იაროს ქვეყანამ. გამოსავალი ერთადერთია – დესტრუქციულმა ძალამ დაანებოს დესტრუქციაზე ფიქრს თავი",– განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის: პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ამჯერად ბარიკადების გარეშე. ჟურნალისტები პარლამენტში 09:30 საათზე შეუშვეს, თუმცა ადგილზე მისულებს დეპუტატები უკვე საკანონმდებლო ორგანოში დახვდათ. ოპოზიცია სამოქმედო გეგმას მოგვიანებით წარადგენს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.
14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ამ გადაწყვეტილებით არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ქვეყანა 2020 წლის არჩევნებს ახალი სისტემით შეხვდებოდა და მას შემდეგ ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც 28 ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა. მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამას უარყოფენ ოპოზიციის ლიდერები.