ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ სოფელში დასახლდა
09/08/2023 10:23:54 მსოფლიო
ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც საკუთარ ქორწილში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად იცეკვა, ამ ზაფხულს რუსეთის რიაზანის რაიონის სოფელში დასახლდა.
კნაისლი საგაზეთო სათაურებში 2018 წელს მოხვდა, როდესაც პუტინი მის ქორწილს დაესწრო. შემდეგ ორივე გადაიღეს ცეკვის დროს.
რუსულ მედიასთან ინტერვიუში კნაისლმა თქვა, რომ მან იქირავა დაჩას რიაზანის რაიონის სოფელ პეტრუშოვოში, მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 350 კილომეტრში. 5 აგვისტოს კნაისლი სოფლის ფესტივალზე შენიშნეს, როდესაც ადგილობრივებს რუსულად ესაუბრებოდა.
„ახლა პეტრუშოვოში ვცხოვრობ და მომწონს ეს ატმოსფერო. მომწონს ბავშვების თამაში. აქ სუპერ კარგი ატმოსფეროა, არა მხოლოდ ახლა, არამედ ყოველ დღე. როცა ქუჩაში ვუყურებ ქათმებს, იხვებს, თხებს – ეს ჩემი სამყაროა, რადგან ავსტრიის პატარა სოფელში ვცხოვრობდი“, - თქვა მან.
ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში კნაისლმა თქვა, რომ სოფელში კიდევ ერთი თვე იცხოვრებს. მან არ დააკონკრეტა, გეგმავს თუ არა დარჩენას არგუმენტით, რომ საკუთარი მომავალი არ იცის.
მანამდე კნაისლმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა, გასულ კვირას კი რუსეთ-აფრიკის ფორუმს დაესწრო.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას კავშირები პუტინთან, კნაისლმა თქვა, რომ უკანასკნელად რუსეთის ლიდერი 2019 წელს ნახა.
კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2017-2019 წლებში იყო და 2021 წელს შეუერთდა რუსული ნავთობის გიგანტის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი. მან "როსნეფტში" თანამდებობა 2022 წლის მაისში დატოვა – რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე თვეში.
კნაისლი ამბობს, რომ მან სამშობლო "მუქარისა და ავსტრიაში მუშაობის ფაქტობრივი აკრძალვის გამო" დატოვა.


