პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 4 000 სამხედროს მოუყრის თავს
09/08/2023 11:08:45 მსოფლიო
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კიდევ 2 000 სამხედროს გზავნის – ორჯერ მეტს, ვიდრე სამხედრო სამსახური ითხოვდა. ამჟამად პოლონეთ-ბელარუსიის საზღვარზე საზღვრის დაცვის სამსახურის საქმიანობას მხარს უჭერს დაახლოებით 2 ათასი სამხედრო.
როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო უშიშროების კომიტეტთან ერთად.
მას შემდეგ, რაც ბელარუსში გამოჩნდნენ "ვაგნერის" დაქირავებულები, პოლონეთმა და ლიეტუვამ საზღვრების დაცვა გააძლიერეს. პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე დაიწყო ბარიერების აშენება, რომლებიც ელექტრონული დაცვის საშუალებებით არის აღჭურვილი.
პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საზღვართან შენიშნეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ვითარება ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს დაუკავშირა.
ამასთან, ორშაბათს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჩიეი ვონსიკმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აორგანიზებენ მორიგ კამპანიას ევროკავშირში მიგრანტების პოლონეთის საზღვრის გავლით შემოდინების მიზნით რეგიონში დესტაბილიზაციისთვის.
მისი თქმით, სიტუაცია „არ არის ისეთი ქაოტური, როგორც ორი წლის წინ იყო, მაგრამ მაინც იწვევს შეშფოთებას":
„საუბარია რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ოპერაციაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება“.
თავის მხრივ, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ტომაშ პრაგამ ბელარუსის სამსახურებს უწოდა „კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მართავს არალეგალურ მიგრაციას“ და „აქედან დიდ მოგებასაც იღებს“.
მისი თქმით, მხოლოდ წელს ბელარუსიდან პოლონეთში შესვლა სცადა 19 000 მიგრანტმა, მათგან მხოლოდ ივნისში 4 000-მა, ხოლო გასულ წელს 16 000–მა.


