Accentnews.ge
შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას "ნაციონალური მოძრაობაც" მოითხოვს

შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას "ნაციონალური მოძრაობაც" მოითხოვს

09/08/2023 11:14:10 პოლიტიკა

შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას "ნაციონალური მოძრაობაც" მოითხოვს. პარტიის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, დღის წესრიგში დგას ორი საკითხი:

იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში;

იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.

„ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებშიც. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან. სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა არ არის განხორციელებული.

მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე - პრემიერია და რომელიც 5 წლის წინ ამტკიცებდა მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდა და ამით გაფრთხილების სისტემის არ არსებობას და შესაძლო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ამართლებს.

ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდნა პირდაპირი საფუძველია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.

აღნიშნული ინიციატივით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფები, ისევე როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ჩვენ, მათ შორის ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, და იმ ფონზე, როდესაც ნულოვანია ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვში მომხდარი სტიქიის ირგვლივ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, არის სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა.

მანამდე, შოვში მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მოითხოვა.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 12 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S