შოიგუ: პოლონეთისა და ფინეთისგან მომდინარე საფრთხე გაიზარდა
09/08/2023 12:47:42 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, პოლონეთისა და ფინეთისგან მომდინარე საფრთხე გაიზარდა.
ამის მიზეზად მან „პოლონეთის მილიტარიზაცია“ და ფინეთისა და პერსპექტივაში შვედეთის ნატო–ში შესვლა დაასახელა.
"რუსეთისთვის რისკს შეიცავს პოლონეთის მიერ იარაღის ფართომასშტაბიანი შესყიდვები შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ კორეიდან", – განაცხადა შოიგუმ.
ამასთან, მან ნატო–ში ფინეთის შესვლას „დესტაბილიზაციის ფაქტორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა, განლაგდეს „შემტევი იარაღი“, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე დიდ სიღრმეზე დარტყმა.
„მიმდინარეობს მუშაობა ზომებზე დასავლეთის ქვეყნებიდან საფრთხის გასანეიტრალებლად“, – დასძინა მან.
ფინეთმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე და ნატო–ში გაწევრიანებულიყო შარშან უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო შვედეთმა, რომლის განაცხადი ნატოს 31 ქვეყნიდან ორს ჯერ–ჯერობით არ დაუმტკიცებია. პოლონეთმაც გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების გაძლიერება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. სხვა ზომებიც იქნა მიღებული ნატოს ე.წ. აღმოსავლეთ ფლანგის გასამაგრებლად.


