Accentnews.ge
IRI ივანიშვილს პასუხობს

IRI ივანიშვილს პასუხობს

29/11/2019 07:30:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  ბიძინა ივანიშვილის 26 ნოემბრის ტელეინტერვიუს ეხმიანება. ივანიშვილის მიერ ორგანიზაციის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს IRI-მ "აქცენტისთვის" მოწოდებულ განცხადებაში უპასუხა.  

„ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც  საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ნეიტრალურობა ეჭქვეშაა დაყენებული. ამას მოჰყვა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის  ბიძინა ივანიშვილის ვრცელი ტელეინტერვიუ, რომელშიც მან კიდევ უფრო ღიად შეიტანა ეჭვი აშშ-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნეიტრალობასა და ეფექტურობაში. 

გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე საქართველოში IRI-ს მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

IRI და რენდი შეუნემანი

კომპანიამ „Orion Strategies“, რომლის პრეზიდენტი IRI-ს დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე რენდი შეუნემანია, ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გააფორმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა დახმარება გაუწიოს პარტიას მთავრობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. რენდი შეუნემანი დარეგისტრირდა, როგორც უცხოური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, როგორც ეს აშშ-ის კანონმდებლობითაა დადგენილი და IRI-ში დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ ყოფილიყო ინტერესთა კონფლიქტი კერძო სექტორში მის მოღვაწეობასა და IRI-ს საქმიანობას შორის, ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ბატონი შეუნემანი საქართველოში IRI-ს ყოველგვარ საქმიანობას ჩამოსცილდაშესაბამისად, ბატონი შეუნემანი არ მიიღებს ინფორმაციას  (გარდა საჯარო ინფორმაციისა) საქართველოში IRI-ს მუშაობის თაობაზე და ვერც ვერანაირ გავლენას მოახდენს საქართველოში ორგანიზაციის მუშაობაზე. მას შემდეგ, რაც მან აცნობა IRI-ს გადადგომის  შესახებ, ორგანიზაცია აღარ აწვდის ბ-ნ შეუნემანს არანაირ არასაჯარო ინფორმაციას და მასალებს საქართველოს შესახებ და ეს ასე გაგრძელდება მომავალშიც.  

IRI–ს საქმიანობა  საქართველოში 

რაც შეეხება IRI–ს საქმიანობას საქართველოში, ორგანიზაცია ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების ხელშესაწყობად მთელ რიგ დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობს და სხვადასხვა სერვისებით დახმარებას უწევს ყველა მთავარ პოლიტიკურ ძალას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე, განურჩევლად იმისა, ხელისუფლებაშია პარტია თუ ოპოზიციაში. 

ორ ათწლეულზე მეტია,  IRI  პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ქართული დემოკრატიის განვითარებას შეუწყოს ხელი.  IRI მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადმინისტრაციებთან და ამასთან, ყოველთვის ინარჩუნებდა ნეიტრალურ პოზიციას. 

ამჟამად IRI USAID–ს „Elections and Political Transitions“–ის ჯილდოს საფუძველზე მუშაობს მრავალ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. IRI  გააგრძელებს საქართველოში იმ პარტიების მომსახურებას, რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებს იცავენ.  

გარდა ამისა,  ბოლო 21 წლის განმავლობაში IRI ხელს უწყობდა პოლიტიკური პროცესისადმი ისეთი ჯგუფების წვდომის გაზრდას, როგორებიცაა ქალები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ეროვნული უმცირესობები. ინსტიტუტმა ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და ეს კვლავ გაგრძელდება USAID-ის „Elections and Political Transitions“–ის ჯილდოს ფარგლებში. 

შეგახსენებთ ასევე, რომ IRI საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს დახმარებას უწევს ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმართულებით.  

ამასთან, IRI თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო და სამთავრობო ინსტიტუტებთან, რათა შესრულდეს „ღია სამთავრობო პარტნიორობით“ ნაკისრი ვალდებულებები.  

IRI ამაყობს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრთან ნაყოფიერი თანამშრომლობით და მადლიერია ქართველი ხალხის შესაძლებლობისთვის, მასთან ერთად განვლოს დემოკრატიული განვითარების გზა. 

IRI საქართველოში კვლევებს 2003 წლიდან ატარებს. ჩვენ ვმუშაობთ გამოცდილ, მაღალი რეპუტაციის მქონე პარტნიორებთან, რომლებიც Gallup International–ის მეთოდოლოგიურ სტანდარტებს იყენებენ, წლების განმავლობაში თანამშრომლობენ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა ამ უკანასკნელებმა შექმნან ქართველი ხალხის საჭიროებებზე მორგებული პლატფორმები. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) არის არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა მიმართულია მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისკენ“, – ნათქვამია ორგანიზაციის ვაშინგტონის ოფისის მიერ „აქცენტისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში

ცნობისთვის:  ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა  საქართველოში მოქმედი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციები ცრუ რეიტინგების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა და "ნაცების" სატელიტებად"მოიხსენია:

"წლების განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაციები და საზოგადოებაში მათ აღარ აქვთ ნდობა. ხშირად ღიმილით ხვდებიან. [...] NDI იქნება თუ IRI...  "ნაცების" მიერ მომართული ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. საზოგადოებას უკვე აგრესია აქვს ამ ტიპის NGO-ებზე. სატელიტები არიან "ნაცების" და ცრუობენ“ - აღნიშნა მან. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S