იოზვიაკი – სტატუსზე: სავარაუდოდ, საქართველოც მიიღებს "მწვანე შუქს"
09/08/2023 19:45:50 პოლიტიკა
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტნიორები საქართველოს მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი, თუმცა მათ პოზიტიური გადაწყვეტილებისკენ შესაძლოა, კონტექსტმა უბიძგოთ.
მისი აზრით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც ექნება საქართველოს პირობები შესასრულებელი.
"ისინი საკმაოდ სკეპტიკურები არიან, მაგრამ რაც მათ მიმართულებას შეაცვლევინებს, არის გარიგება პაკეტის [ასოცირებული ტრიო] შესახებ. ბევრს სურს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ წინ წაიწიონ, მაგრამ პაკეტში საქართველოცაა. ამიტომ, სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება "მწვანე შუქი" და დიდად სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ სტატუსს დათქმები მოჰყვება და იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, ქვეყანას მოუწევს დარჩენილი რეკომენდაციების შესრულება. ჩემი აზრით, გაჩნდება ახალი მოთხოვნებიც, მაგალითად, იმაზე, რომ თქვენი საგარეო პოლიტიკა მეტად შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას",– თქვა მან "ფორმულასთან".
ევროკავშირის შუალედური შეფასებით, საქართველოს სტატუსის მისაღებად განსაზღვრული პირობები სრულად შესრულებული არ აქვს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ევროკავშირის ანგარიში შემოსგომაზე გახდება ცნობილი.


