
წულუკიანი – დემონსტრანტებზე: "არაფერი მაქვს მათთან სალაპარაკო"
29/11/2019 09:49:22 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა, ვიცე–პრემიერმა თეა წულუკიანმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შეძახილების ფონზე "მონა", პოლიციის დახმარებით დატოვა.
მანამდე მან მედიასთან გააკეთა კომენტარი.
„შენობაში შემოსვლა არ გამიჭირდა. მადლობა ამისთვის პოლიციას, რომელმაც უზრუნველყო შემოყვანა. არაფერი მაქვს მათთან სალაპარაკო. თემა დახურულია. მოემზადონ არჩევნებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გრძნობს თუ არა მინისტრი დისკომფორტს, როდესაც მას "მონას" უწოდებენ.
„არამცთუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მე და ალბათ ის ადამიანებიც ევროკავშირიდან, „იუნისფეიდან“ – ჩვენი ტრადიციული მეგობრები, ვინც დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, რადგან დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაერო-ს ბავშვს უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ვინც გარეთ სტვენს, არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ადამიანებს ციხეში. ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია. მადლობა მათ ამ ფონისთვის, რადგან ამით ჩვენ შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რეალურად რა იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ფეხქვეშ თელავდნენ გაერო-ს ბავშვის უფლებების კონვენციას და რა ხდება დღეს, როდესაც 2015 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმების წყალობით, 4 000-ზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ანუ, ეს 4000 ბავშვი ჩვენი რეფორმების წყალობით არ მოხვდა ციხეში და მოხვდა საგანმანათლებლო პროგრამაში ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში. ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ეს ბავშვები მოხვდებოდნენ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მას პოლიციის მიერ მოწყობილ დერეფანში მოუწია გავლა. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები და დემონსტრანტები დილიდან შეიკრიბნენ. მოხდა რამდენიმე ინციდენტი: ადგილიდან გაარიდეს პოლიტიკური ლიდერები, ხოლო არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი. ამ დროისთვის უცნობია, სად გადაინაცვლებს პროტესტი. მათი განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება.
ცნობისთვის: მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალ "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით ოპოზიციასთან იგეგმება სეხვედრა, რომელსაც დიპკორპუსიც დაესწრება. შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.