
"დიალოგის გადაუდებელი საჭიროება არსებობს"
29/11/2019 09:54:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის განცხადებით, დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს.
„ევროკავშირს სურდა დიალოგის ხილვა, რადგან ვფიქრობთ დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს. მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ როგორც ჩანს, ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით, რომ ხვალ დიალოგი შედგება. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ამის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ამასთან კვლავ უნდა შევხედოთ დეტალებს. რა თქმა უნდა, ორივე მხარის საქმეა იმუშაოს მონახაზზე, ჩარჩოზე, მაგრამ როგორც გვესმის, დღის წესრიგის მიხედვით, გერმანული მოდელი და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას იქნება განხილული. ასევე ველოდებით უფრო ფართო დისკუსიას არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება ჩართულობა. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და თქვენ შეიტყობთ დეტალებს მოგვიანებით სხვებისგანაც. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ვფიქრობ, კარგია, როგორც იქნა ვმოძრაობთ პირდაპირი დიალოგის მიმართულებით. ჩვენ მოგვიწევს ქმედითი და ამავე დროს წარმომადგენლობითი ფორმატის მოძიება. სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას გამოიყენონ სიტყვის თავისუფლების უფლებით. ასევე მიგვაჩნია, აზრის გამოხატვა უნდა იყოს კანონიერად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს რჩება ევროკავშირის პრინციპულ პოზიციად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის: ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა ხვალ შედგება, თუმცა დეტალები უცნობია.