მონტენეგროს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროდასავლური ლიდერი წარადგინა
10/08/2023 17:27:26 მსოფლიო
10 აგვისტოს მონტენეგროს პრეზიდენტმა იაკოვ მილატოვიჩმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა მილოიკო სპაიჩი, პროდასავლური პარტიის ლიდერი, რომელმაც ივნისში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
სპაიჩი და მილატოვიჩი ლიდერობენ მოძრაობას "ახლა ევროპა " (PES), რომელმაც ივნისის ვადამდელ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. ეს არჩევნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც მონტენეგროს დიდი ხნის მმართველმა, მილო ჯუკანოვიჩმა, აპრილში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და სამი ათეული წლის შემდეგ გადადგა.
მილატოვიჩმა განაცხადა, რომ სპაიჩს პრემიერ-მინისტრის პოსტს შესთავაზებს მას შემდეგ, რაც 81-ადგილიან პარლამენტში PES-ის ლიდერს მხარდაჭერა 44-მა დეპუტატმა აღუთქვა.
მონტენეგრო ნატო–ში 2017 წელს გაწევრიანდა და 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს მხარი დაუჭირა და შედეგად რუსეთისთვის "არამეგობრული" სახელმწიფოების სიაში დაიმკვიდრა ადგილი.


