გიორგი ბოტკოველი: ხელისუფლების წარმომადგენლები შეურაცხყოფას აყენებენ როგორც გარდაცვლილთა ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს
14/08/2023 10:28:27 პოლიტიკა
ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან მავნებლური განცხადებებით, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად როგორც გარდაცვლილთა ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება ორკესტრირებულად, თავის მართლების რეჟიმშია გადასული იმის მაგივრად, რომ დამნაშავეს ეძებდეს.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან მავნებლური განცხადებებით, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად როგორც გარდაცვლილის ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და დღეს არიან ჯანმრთელად. ჩვენ ვნახეთ ასევე განცხადებები თვითონ გადარჩენილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არავინ არ შეხმიანებიათ საერთოდ და არ მოუკითხავთ. ამ ყველაფრის შემდეგ არსებობს მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმები ხელისუფლების მხრიდან, რომლითაც, პირიქით, შვება უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც სიკვდილს გადაურჩნენ. ხელისუფლება ორკესტრირებულად გადასულია თავის მართლების რეჟიმში იმის მაგივრად, რომ პირიქით, ეძებდეს დამნაშავეს და იმასაც ხელს უშლის, რომ რეალურად მოიძებნოს დამნაშავე, ვინც ჩაიდინა, ზოგადად, სამსახურებრივი გულგრილობაც და არ მოეკიდა საქმეს ისე, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს შემდგომ უკვე საფრთხეს არ შეუქმნიდა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ":
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი".
მან ერთ–ერთი გადარჩენილის – დავით ჯელაძის შესახებაც ისაუბრა:
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით".
ამავე თემაზე: "ეს რა თქვი?!" - ღვარცოფში მცირეწლოვან დისშვილთან ერთად მოყოლილი ჯელაძე კობახიძეს მიმართავს.
"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - ღვარცოფს გადარჩენილი კობახიძეს პასუხობს
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, 9 პირს ამ დრომდე ეძებენ.


