ჯელაძე: მეწყერზე რომ გადავდიოდი, რომელიც არ სჯერა კობახიძეს, ქვემოდან ისმოდა ადამიანის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას და ვერავინ ვეხმარებოდით

14-08-2023 14:53:29 ციტატა

"მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, რომელიც არ სჯერა ირაკლი კობახიძეს, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ვერ გავიგე, მეთქი საიდან მოდიოდა? ვერავის ვერ ვხედავდი და ის ადამიანი იყო მიწაში ჩამარხული და ითხოვდა შველას და ვერავინ ვერ ვეხმარებოდით იქ, იმიტომ, რომ ყველა მეწყერში ვიყავით ჩაფლული, ჩვენ ადამიანები, ვინც ამ სტიქიას შევესწარით", – განაცხადა მეწყერს გადარჩენილმა დავით ჯელაძემ "ფორმულასთან" საუბრისას.

14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ":

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი".

მან დავით ჯელაძის შესახებაც ისაუბრა:

"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით".

შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, 9 პირს ამ დრომდე ეძებენ.