„ქურდული“ ომები აფხაზეთში

29-11-2019 17:50:58 კონფლიქტები

გასულ პარასკევს სოხუმის სანაპიროზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა და მისი შედეგები აფხაზური საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. 

22 ნოემბერს ქილერების მიერ  სოხუმის რესტორან „სან–რემოში“, ერთ–ერთ მაგიდასთან მსხდომი ორი „კანონიერი ქურდის“ ჩაცხრილვამ ბევრს პრედისტორია –  „ქურდული კლანების“ ომი გაახსენა.

უპირველესად, მეხსიერებაში ტივტივდება 2013 წლის 18 მარტს მომხდარი მსგავსი ეპიზოდი: დუბაის შეკრებაზე „კანონიერ ქურდად ნაკურთხ“ 31 წლის ასტამურ გულიას (მეტსახელად "ასტიკ სუხუმსკის"), რომელიც წითელ ხიდთან არსებულ რესტორან „ბასლადან“ გამოდიოდა, შენობის სიახლოვეს მდგომ „მერსედესში“ მყოფმა პირებმა „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. საგულისხმოა, რომ ამ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე მოსკოვში პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ–ერთი მთავარი „კრიმინალური ავტორიტეტი“ ასლან უსოიანი (მეტსახელად „დედ ჰასანი“) მოკლეს. ამის გამო იმხანად ბევრმა ჩათვალა, რომ არაერთმა „ქურდულმა კლანმა“ გულიას „კურთხევა“ არ მიიღო, მათ შორის  – არც „ჰასანოველებმა“. და თავად გულიაც „დედ ჰასანის“ მოწინააღმდეგეთა რიცხვში შედიოდა. 

თუმცა ამჟამინდელი სისხლიანი გარჩევა, ცხადია, 2013 წლის დროინდელზე ბევრად რეზონანსული აღმოჩნდა, ვინაიდან დანაშაული დღისით–მზისით, ხალხმრავალ ადგილზე, თანაც დე ფაქტო სამთავრობო კომპლექსის შენობებიდან ორ ნაბიჯში მოხდა. ფაქტის თვითმხილველმა რიგითმა მოქალაქეებმა, მათ შორის ბავშვებმაც სერიოზული სტრესი მიიღეს და, რაც მთავარია, დაიჭრნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

რაც შეეხება მიზეზ–შედეგობრივ კავშირს, იგი უფრო არა ორ ხსენებულ მკვლელობას, არამედ ბოლო ორმაგ მკვლელობასა და იმ მოქმედებებს შორის შეიმჩნევა, რომლებსაც მსხვერპლები – ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა ბოლო 3–4 წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. 

ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ კონფლიქტი აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ „სოხუმის ქურდული კლანის“ ხელმძღვანელ მერაბ ჯანგველაძესა და აფხაზ „კანონიერ ქურდებს“ შორის. ყოფილ თანამემამულეებთან დაკავშირების საბაბად იქცა მერაბ ჯანგველაძის მზრუნველობა მის ერთგულ თანამოაზრე ალხას აგრბაზე, რომლის „ქურდად კურთხევაზე“ სამშობლოში უარს აცხადებდნენ. ამ საკითხებში განსაკუთრებულ ჭირვეულობას ამ უკანასკნელის თანასოფლელები რაულ ბარციცი (მეტსახელად "პიზა"), ალხას ავიძბა (მეტსახელად "ხასიკი") და ასტამურ შამბა (მეტსახელად "ასტიკი") იჩენდნენ. 2014 წელს ამ სამეულმა აგრბას „ქურდული უფლებამოსილება“ შეუჩერა და უცხოეთიდან მის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებას არ ცვლიდა. რუსეთიდან გამოგზავნილ შუამავალს – „კანონიერ ქურდ“ ნიკოლოზ დგებუაძეს (მეტსახელად "ნიკა გაგრინსკის") „სახელოვან კოლეგებთან“ ურთიერთობის შემდეგ დიდხანს მოუწია მკურნალობა: „ხასიკს“ და „ასტიკს“ მიუვიდათ ხმები დგებუაძის მხრიდან მათი მისამართით გაკეთებული არასასიამოვნო განცხადებების შესახებ, რის შემდეგაც მათ „ნიკა გაგრინსკის“ ტრასაზე გზა გადაუღობეს და პისტოლეტების კონდახებით ცემეს... მოგვიანებით, 2017 წლის ზაფხულში „პიზას“ გუდაუთურმა დაჯგუფებამ აფხაზური „ქურდული სამყაროს“ ერთპიროვნული ლიდერობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. „სოხუმელი ქურდები“ დინრიდ და თემო მაკოლიები გუდაუთელმა კოლეგებმა ცემეს და „არაქურდებად“ გამოაცხადეს. აგვისტოში რუსეთსა და აზერბაიჯანში ცნობილ ავტორიტეტ ნადირ სალიფოვის (გული ბაკინსკის) დავალებით ნიკას დასახმარებლად თურქეთიდან აფხაზეთში „კანონიერი ქურდები“ "რომა სტავროპოლსკი" და "რაშად განჯინსკი" ჩავიდნენ. გუდაუთელ „ქურდებთან“ შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. ამ უკანასკნელთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ნიკას მათი გარემოცვიდან ვიღაცამ მიაწოდა. ნიკას გარემოცვა გუდაუთელებს მოულოდნელად დაატყდა თავს და პირდაპირ მუშტი–კრივზე გადავიდა. განსაკუთრებით გაისარჯა ამ მხრივ "რომა სტავროპოლსკი", რომელიც სპორტული აღნაგობით გამოირჩეოდა. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მოჩხუბართა შეჩერება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც "პიზამ" მოახერხა, პისტოლეტს მისწვდომოდა და თავდამსხმელების მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შედეგად მძიმედ დაიჭრნენ რაშატ ალიევი ("განჯინსკი"), რომან დიმიტრიევი ("რომა სტავროპოლსკი") და ნიკა დგებუაძე ("ნიკა გაგრინსკი").

ამას მოჰყვა 2018 წლის ზაფხულის მოვლენები, რომელიც ინტერნეტ–რესურსმა «Компромат групп» სტატიაში სათაურით «Пыза отвоевал у грузинских «воров в законе» контроль над гальским «общаком» („პიზამ“ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ გალის „ობშიაკზე“ კონტროლი წაართვა) აღწერა. მასში კერძოდ, ვკითხულობთ: „საქართველოსთან მოსაზღვრე აფხაზეთის გალის რაიონში „ქურდულ“ ხელისუფლებაზე პრეტენზია საკმაოდ ცალსახად განაცხადა გუდაუთურმა დაჯგუფებამ – რაულ ბარცბამ („პიზა“), ასტამურ შამბამ („ასტიკი“) და ალხაზ ავიცბამ („ხასიკი“). შემდეგ სტატიაში აღწერილია, როგორ ჩავიდნენ 15 ივნისს გალის რაიონულ ცენტრში ათობით ავტომობილით, 300-კაციანი დამხმარე ჯგუფის თანხლებით გუდაუთელი „კანონიერი ქურდები“ და როგორ მოითხოვა „პიზამ“ მისთვის გალის რაიონის „ობშიაკზე“ კონტროლის გადაცემა, რომელიც მანამდე ქართველ „კანონიერ ქურდ“ გია შონიას („ჩირო გალსკი“) ნათესავებს ეკუთვნოდათ. იქვე ცხოვრობს 62 წლის „კანონიერი ქურდი“ მურმან ლემონჯავა. კონფლიქტი რომ ღია დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო, მასში "რუსული ობშიაკის“ მეთვალყურე კახა პარპალია ჩაერთო და სატელეფონო საუბრის დროს გასცა თანხმობა, გალის რაიონის „ქურდული ხაზინა“ „პიზას“ გადასცემოდა. ფინანსური თვალსაზრისით ის პარპალიასთვის დიდ ფასეულობას არ წარმოადგენდა, „პიზასთვის“ კი ადგილობრივ ხაზინაზე კონტროლი უფრო პოლიტიკური მიზეზებით იყო მნიშვნელოვანი.   

ამ დროისთვის  10 „კანონიერი ქურდიდან“, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აფხაზეთში მუდმივ საფუძველზე ცხოვრობდა, მხოლოდ 6 არის დარჩენილი და მათგან ეროვნებით აფხაზი 4–ია. თანამოაზრეები „ხასიკი“ და „ასტიკი“ „პიზასთვის“ აფხაზეთში მხარდაჭერის გარანტიებს ქმნიდნენ. აფხაზეთის ფარგლებს გარეთ კი მას არაერთი მტერი ჰყავს. ნადირ სალიფოვმა, მაგალითად, აფხაზი „კანონიერი ქურდის“ დასჯის პირობა დადო, რაც მისი პირიდან მკვლელობის მუქარას ნიშნავდა, – წერდა რუსული „როსბალტი“.

თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც. მაგალითად, გამოცემა «Прайм крайм» სხვა ყველაფერთან ერთად წერდა, რომ „ბოლო, ვისთანაც შამბა და ავიძბა კონფლიქტში შევიდნენ, სოხუმური კლანის წარმომადგენელი „კანონიერი ქურდები“ – თემურ გავასალია („მაკოლია“) და თემურ ახუბა („დინრიდი“) იყვნენ".  

ახალი ამბები

სხვა სიახლეები