
გზების დეპარტამენტი: რიკოთზე პროექტის 86% უკვე შესრულებულია
15/08/2023 10:27:01 რეგიონები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია.
"ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გასულ კვირას საპარლამენტო პარტია „ლელომ“ განაცხადა, რომ შოვში მომხდარი კატასტროფის შემდეგ აუცილებელია სამშენებლო პროექტების დაუყოვნებლივი მონიტორინგი, მათ შორის, პარტიამ რიკოთზე მიმდინარე პროექტი დაასახელა. „ლელოს“ ცნობით, მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს, დონორების გამოყოფილი ფული არამიზანშეწონილად იხარჯება, 10 ათასობით ადამიანი კი ყოველ დღე ამ გზას საფრთხის ქვეშ გადის. პარტიაში აცხადებენ, რომ რიკოთის სხვადასხვა მონაკვეთზე მომუშავე კომპანიები სხვადასხვა დანაშაულში თუ კორუფციულ სქემაშია ეჭვმიტანილი.
"ლელოს" ბრალდებები ინფრასტრუქტურის მინისტრმა კატეგორიულად უარყო.