ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ უჭერს მხარს "ოცნება" შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას
16/08/2023 15:00:13 პოლიტიკა
შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნა საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, "სრულად იქნება უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება":
"რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამისთვის კომპეტენტური ორგანო არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე. როგორი იყო მაგალითად, ნაპოვნი ადამიანების ცხედრების მდგომარეობა და ა.შ.. ყველაფერთან დაკავშირებით ბუნებრივია პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება: ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება, შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში, ეს არის საქართველოში პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნა საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ჩვენ ბუნებრივია, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა სრულად იქნება ბუნებრივია უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე რა თქმა უნდა პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება”.
შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს. მანამდე, შოვში მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მოითხოვა.
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი, 7 პირს ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.


