ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება
16/08/2023 15:09:24 პოლიტიკა
აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადებაზე კიევის რეაქციის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მსგავს ვითარებაში თბილისის პასუხიც კატეგორიული იქნებოდა.
"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო–ში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა სტიან იენსენმა ნორვეგიულ გამოცემა VG-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. თავად ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, როგორც ნორვეგიული გამოცემა აღნიშნავს, არაერთხელ თქვა, რომ ოკუპაციის დასრულების შესახებ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს.
ტერიტორიული დათმობის შესახებ ნატო–ს გენმდივნის ოფისის დირექტორის განცხადებას კიევმა მკაცრად უპასუხა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "სრულიად მიუღებელი" უწოდა გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე საუბარს.


