
2023 წლის "თბილისობა" 3 მილიონ ლარზე მეტი ჯდება
17/08/2023 09:22:14 საზოგადოება
მიმდინარე წელს დედაქალაქში მერია "თბილისობის" დღესასწაულის გრანდიოზულად აღნიშვნას გეგმავს. 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკში და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.
3 140 175 ლარის მომსახურების შეძენა ტენდერის გარეშე სურს.
"ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა", - ასე ასაბუთებს მერია საჭირო მომსახურების ტენდერის გარეშე შეძენას.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ "თბილისობის" დღესასწაულზე დაგეგმილია: სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები, საუბრები ეზოებში. გარდა ამისა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეწარმეო და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ტკბილეულის ფესტივალი, გამოფენა-გაყიდვა "თბილისური მრავალფეროვნება" და "გაუსინჯე თბილისს გემო/Taste Tbilisi". ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება საზეიმო კონცერტი - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიუზიკლი "და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!".