
"შევთანხმდით, რომ გაგრძელდება დისკუსია"
30/11/2019 12:54:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
მოხარული ვარ, რომ დიალოგი შედგა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსჯელობა გაგრძელდება.
„დღეს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მე მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა, დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განვიხილეთ ბევრი ვარიანტი და არჩევანი, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს და რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება აღნიშნულ საკითხებზე. ამაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვედრა დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა.
შეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი და არ ესწრებოდნენ "სირცხვილიას" და სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო წესის ცვლილებას მოითხოვენ.