ნიკა მელია –საგამოძიებო კომისიაზე: თუ შეიქმნება, შეიქმნას, სკეპტიკურად ვარ განწყობილი
18/08/2023 18:54:12 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სკეპტიკურად უყურებს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარ მმართველობას საგამოძიებო კომისიის შექმნით საფრთხეს არ შეუქმნის.
"თუ შეიქმნება, შეიქმნას. სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური განაჩენისთვის მზად არის საკუთარივე ხელით. ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ღვთის წყალობით გადარჩენილ მსხვერპლს თავს დაესხან და მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ რეაქციას დააკვირდებიან ბოდიში ყასიდად მოიხადონ, ასეთი ხელისუფლება მზად ვერ იქნება პასუხისმგებლობის აღებისთვის. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ და "ქართული ოცნება" უნდა იქნეს ჩამოშორებული მართვის სადავეებიდან",– განაცხადა მელიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს. მანამდე, შოვში მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მოითხოვა.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.


