ხაზარაძე თბილისი-მოსკოვის რეისთან დაკავშირებით ბრალდებას პასუხობს
21/08/2023 18:26:23 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუკზე" უპასუხა "ხალხის ძალის" წარმომადგენლის ზურაბ ქადაგიძის განცხადებას, რომელიც მიანიშნებდა პოლიტიკოსის თბილისი-მოსკოვის რეისთან კავშირზე.
ხაზარაძემ იუმორით უპასუხა მის მიმართ ბრალდებას:
"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი.ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ?!. თუ გინდათ, სელფსაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ", - თქვა მან და ბათუმი-თბილისის ბილეთის ფოტოები გაასაჯაროვა.
მანამდე "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში დაწერა: "რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ", - და მონიშნა ხაზარაძე და მისი პარტია.


