მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენში გამართულ შეხვედრაზე
22/08/2023 12:50:21 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში 21 აგვისტოს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა. პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს "ქართული ოცნების" წევრმა განაცხადა, რომ შეხვედრა "პირდაპირ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხს არ უკავშირდება".
"ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნების მიმართებაში ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" კუთხით. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა და მოლდოვა უკრაინასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხს. ეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
"აქცენტი" ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.


