ენმ რთვლისთვის გამოყოფილი სუბსიდიის მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზე გადანაწილების ინიციატივით გამოდის
23/08/2023 08:13:54 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, კახეთში რთვლისთვის სუბსიდიის სახით გამოყოფილი 50 მილიონი ლარიდან თანხა იმ გლეხებს შეხვდეთ, ვისაც უხვმა ნალექმა მოსავალი გაუნადგურა. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა თქვა, რომ სახელმწიფომ თანხის გადანაწილების დროს უნდა იხელმძღვანელოს გასული წლის მონაცემებით - შარშან ჩაბარებული ყურძნის თითოეულ კილოგრამზე დაზარალებულმა ოჯახებმა 20 თეთრი მიიღონ სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხიდან.
"კახეთში წელს მინიმუმ 50 პროცენტი ოჯახებისა რთველს ვერ ჩაატარებს. განადგურებულია მთლიანად მოსავალი, რაც განაპირობა უხვმა ნალექმა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ვერ იქნება არგუმენტი, რატომ არ ჰქონდა ვენახი გლეხს დაზღვეული. აღნიშნული პირობები არ არის შეტანილი სადაზღვევო საქმიანობაში. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, ის თანხა, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის - 50 მილიონი ლარი - უნდა მოხმარდეს იმ დაზარალებულ მოსახლეობას", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს თანხა გლეხებს დაეხმარება ხარჯების ნაწილის დაფარვაში.
2023 წელს კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონში "ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვისთვის", რაც სუბსიდიას გულისხმობს, მთავრობამ 60 მილიონი ლარი გამოყო.


