
დღეს "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია "რამდენს ბედავთ" გაიმართება
02/12/2019 13:42:28 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დღეს "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია "რამდენს ბედავთ" გაიმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში".
"დღეს, მცხეთაში, სამოქალაქო აქტივისტებს ოცნების დაქირავებული ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ!
ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მარგინალიზდეს, ამისთვის, ის გვიპირისპირებს პარტ. აქტივს, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია.
სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში, ამას მოწმობს როგორც ზოგადი განწყობები, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა!
ჩვენ ვაგრძელებთ კანონის ფარგლებში მოქმედებებს, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველანაირ უფლებას და შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს ხელისუფლებას, რომელიც გაუჩერებლად ატყუებს ადამიანებს!
მოვუწოდებთ ქართულ ოცნებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც თავად შექმნა და ახლა თავადვე აღრმავებს. პოლიციას კი, რომელიც ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ვთხოვთ, ემსახურონ საქართველოს და ნაცვლად უდანაშაულო ადამიანების დაჭერისა, დააკავონ მოძალადე ზონდერები", - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.