საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: ჩვენ თქვენთან ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს
24/08/2023 10:08:38 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა და უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო საქართველო თქვენთან არის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს თქვენთან ერთად აღნიშნოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით უკვე წელიწად-ნახევარია. ჩვენ თქვენთან ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მანამდე, უკრაინას დამოუკიდებლობის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიულოცა და „უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა".
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევს. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ და კიევს მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირებიან მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.


