
საქართველო–რუსეთის საზღვარზე ექვსი უკრაინელია ჩარჩენილი
24/08/2023 14:13:07 საზოგადოება
„ნოვაია გაზეტა - ევროპას“ ინფორმაციით, ერთ კვირაზე მეტია, უკრაინის ექვსი მოქალაქე საქართველო–რუსეთის საზღვარზე, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოსვლა უშედეგოდ სცადეს.
გამოცემა წერს, რომ მათ საზღვრის კვეთა 16–17 აგვისტოს სცადეს, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა „სხვა მიზეზებით“ ამის ნება არ მისცეს. მას შემდეგ ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ.
ამასთან, როგორც გამოცემას საზღვარზე ჩარჩენილი ერთ–ერთი მამაკაცის დედამ ტატიანა ზარუბინამ 22 აგვისტოს უამბო, რუსი ძალოვანები ცდილობდნენ „ნეიტრალური ზონიდან“ მისი შვილის გატაცებას, თუმცა დანარჩენმა უკრაინელებმა ატეხეს ხმაური და ბიჭი არ გაატანეს, „მოირბინეს ქართველმა მესაზღვრეებმაც – ეს სმენა ჩვენებს კარგად ექცეოდა. ისინი დაეხმარნენ ბიჭებს მოგერიებაში და უთხრეს, რომ უფრო ახლოს ყოფილიყვნენ მათ საგუშაგოსთან, სადაც რუს მესაზღვრეებს არ უშვებენ“.
ქალის ნაამბობი გამოცემას დაუდასტურა უფლებადამცველი ორგანიზაციის Unmode-ს ხელმძღვანელმა აიდანა ფედოსიკმა:
„ФСБ –ს სამოქალაქო ფორმაში გამოყწობილი თანამშრომლები სამოქალაქო მანქანით მივიდნენ უკრაინელებთან და ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩატენვა სცადეს, დანარჩენებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. დასახმარებლად ქართველი მესაზღვრეები გამოიქცნენ. ახლა ამ ბიჭებს ისინი მალავენ თავიანთ ტერმინალში“.
მისი თქმით, კაცი, რომლის გატაცებაც რუსმა ძალოვანებმა სცადეს, უკრაინის მოქალაქეა, 40 წლის მიხეილი, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და აქვს ბინადრობის ნებართვაც, ხოლო რუსეთში დის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელიც კრასნოდარში ცხოვრობს. თუმცა ჩასვლისთანავე ზეწოლის ქვეშ მოექცა: სპეცსამსახურებმა დასაკითხ ოთახში მოათავსეს, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა ფურცელზე, რომელზეც ეწერა, რომ ყირიმი რუსეთია, ხოლო უარის თქმის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სცემდნენ. ჯამში მან დაახლოებით 60 დღე დაჰყო პატიმრობაში, შემდეგ „რაღაც სასწაულით რუსეთის საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს, სადაც მოხვდა უკრაინელი პატიმრების ჯგუფთან, რომლებიც ჩვენ გამოგვყავს“:
„მიხეილმა საქართველოს საზღვრის გავლაც კი მოახერხა, მაგრამ საგუშაგოდან არც თუ ისე შორს გაჩერდა და დანარჩენ ბიჭებს დალოდებოდა. მოგვიანებით მესაზღვრეებმა ის ბუფერულ ზონაში დააბრუნეს და საქართველოში შესვლა აუკრძალეს“,– ყველა უფლებადამცველი.
მისი თქმით, უკრაინელებისთვის მოხერხდა საკვების, წყლის, საბნების მიწოდება, მაგრამ ეს დროებითი ზომებია: ერთი კვირაა, მათ ქუჩაში, რთულ პირობებში უწევთ ყოფნა და მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება:
„მათი საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს. მათ შორის ერთი აივ ინფიცირებულია. მას უკვე ოთხი დღეა მედიკამენტები არ მიუღია. მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ყოველდღიურად შესამჩნევად უარესდება“,– ამბობს უფლებადამცველი.
მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "საჭიროა აღნიშნული მოქალაქეების იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც დამატებითი დრო სჭირდება":
„საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში, უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რიგი მედია საშუალებების მხრიდან გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ მყისიერად გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლექსანდრ შულჰასთან. ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით. უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს.
შეხვედრაზე ოლექსანდრ შულჰამ კმაყოფილება გამოთქვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის გამო და ასევე აღნიშნა უკრაინის მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის პრაქტიკა. შეხვედრის დასასრულს, მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ მხარეს გულისხმიერებისთვის და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ დაელოდება კიევიდან შესაბამის მითითებებს".