
რუსეთის პრემიერ–მინისტრი სომხეთში ჩავიდა
25/08/2023 07:13:41 კავკასია
რუსეთის პრემიერ–მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ერევანში ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრეს–სამსახურის ცნობით, რუსეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.
„სავაჭრო იზრდება და ეს გვახარებს. ასევე ხელშესახები ეფექტია სომხეთის მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ჩვენ აქ ვაფიქსირებთ ყველა მონაწილე ქვეყანასთან ურთიერთობის ეფექტურობის ზრდას“, - განაცხადა მიშუსტინმა.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგას ზემო ლარსის საგუშაგოზე ახალი გასასვლელების გახსნისთვის.
მან აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდი დოლარი შეადგინა და ეს ზრდა გრძელდება. „წელს ჩვენ უკვე გადავაბიჯეთ 3 მილიარდი დოლარის ზღვარს და იმედი მაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე გასული წლის მაჩვენებელს გადავლახავთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
„რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან პრობლემური საკითხები რეგიონულ კონტექსტში და ამ საკითხებს ყოველთვის განვიხილავთ ჩვენს რუს კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენც შევეხებით ამ საკითხებს“, - დასძინა ფაშინიანმა.
მიხაილ მიშუსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჰუმანიტარულ სფეროშიც. მისი თქმით, სომხეთში რუსული უმაღლესი განათლებისადმი "ტრადიციულად დიდი ინტერესია".
„ამჟამად 5000-ზე მეტი სომეხი სტუდენტი სწავლობს რუსეთის ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას სომხეთში რუსული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მადლობას გიხდით ამ სფეროსადმი ყურადღებისთვის. ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე თქვენ დეტალურად განიხილეთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ახალი სკოლების აშენების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მოხარული ვართ, რომ სომხეთიდან რუსული ენის მასწავლებლები რეგულარულად გადიან რუსეთში გადამზადებას. წლის ბოლომდე ჩვენ ასევე მივაწოდებთ 50 000-მდე სახელმძღვანელოს - ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე და თქვენ განიხილეთ ეს პრეზიდენტთან - რესპუბლიკის ყველა სკოლისთვის“, - განაცხადა მან.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მუდმივად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განბლოკვას რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებების შესაბამისად.
სხდომაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრები, ფაშინიანმა "გაზისა და ენერგეტიკის ერთიანი ბაზრის შექმნას ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე" ისაუბრა.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ სხვა ქვეყნებიც დაინტერესებულნი არიან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით“.
ЕАЭС