Accentnews.ge
ენმ ხელისუფლებისგან თხილის სუბსიდირებას ითხოვს

ენმ ხელისუფლებისგან თხილის სუბსიდირებას ითხოვს

25/08/2023 10:06:40 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებისგან თხილის ბიზნესიდან დაზარალებული გლეხების კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს ოზურგეთში ადგილობრივმა ლიდერებმა გააკეთეს.

ისინი ხელისუფლებისაგან სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვენ, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო გლეხებისთვის სტიქიის შემთხვევაში მოსავლის კომპენსაციას უზრუნველყოფს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში თხილის დაბალი ფასების გამო გურიაში კრიზისი გარდაუვალი იქნება.

„თხილის ფასი არის 3 ლარი, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, მსგავსი დაბალი ფასი გურიაში წელს რომ დაფიქსირდა, არასდროს არ ყოფილა, დამემოწმებიან აქ მაცხოვრებლებიც. ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს როდესაც ჩამოვიდა აქედან ერთ კილომეტრში, თეატრთან ვკითხე, ოზურგეთში რომ ჩამოხვედი თხილის ფასი იკითხე თქო? და რატომ უნდა მეკითხა თხილის ფასიო, იმიტომ უნდა გეკითხა, რომ 2010-2012 წლებში 12-დან 15 ლარამდე ღირდა თხილი და კორუფციული ფასიაო ამაზე ამბობდა", – განაცხადა ენმ–ის წევრმა კახა ასკურავამ

„წილში ჩაუჯდნენ მაღალჩინოსნები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს. სისხლის ფასად მოპოვებულ მოსავალს წყალში უყრიან ამ ადამიანებს. მინიმალურ ფასზე დავარდა ბოლო წლებში და შემდეგ თავად გააქვთ ექსპორტზე, თავად ყიდიან უფრო მაღალ ფასად, იღებენ მოგებას და დამატებით მდიდრდებიან ამ მშრომელი ადამიანების ხარჯზე. იმ გურიაში, სადაც ცეცხლის ფასი აქვს ყველა პროდუქტს ბაზარში, ყველაზე დაბალი ფასი აქვს თხილს”, – განაცხადა პარტიის წევრმა თათია ნიკოლაშვილმა

„სახელმწიფომ 21 მლნ ლარი დახარჯა თხილის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ეს თხილის ხარისხი გაუმჯობესდა მონოპოლიზებული ბაზრისთვის, რომელიც მაფიოზურად ხელში აქვთ ჩაგდებული „ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ „ოცნების“ შემომწირველებს, რომლებსაც კონკრეტული მიღების პუნქტები აქვთ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც გურულ გლეხს ამ რთული ვითარებიდან გამოიყვანს – ეს არის სუბსიდირება გურული გლეხის", – განაცხადა ენმ–ის წევრმა ბესო ქათამაძემ.

პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს ერთი კილოგრამი თხილის მისაღები ფასი ოზურგეთში 2 ლარიდან 3 ლარამდე მერყეობს.

"თხილის მიმღები პუნქტების უმრავლესობამ კი პროდუქციის მიღება ნაწილობრივ შეზღუდა, ამის მიზეზად მისი დაბალი ხარისხი სახელდება, თუმცა ოპოზიცია ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს", – აცხადებენ ენმ–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S