აშშ–ის ელჩი: სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს
25/08/2023 10:38:07 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩ კელი დეგანანის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს.
"პოლიტიკოსები კრიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ ნამდვილად არაფერს, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენენ. ფოკუსი უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. არის საგზაო რუკა გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი. თუ მთავრობის წარმომადგენლები და პოლიტიკის შემქმნელები ამ საგზაო რუკას გაჰყვებიან, რაც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცესს გაჰყვებიან, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ გადავიდნენ, სულ მცირე, შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ სიმამაცესაც ითხოვს ამ რთული სამუშაოების შესასრულებლად, რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის. სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეული არიან ამ პრორუსულ დეზინფორმაციის კამპანიას. ისინი ამის მომსწრენი ადრეც ყოფილან. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებისთვის ჭეშმარიტება ხელმისაწვდომია, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრილვარ ადამიანებს, ვინც ჩემზე კომენტარს აკეთებს და ამას ნამდვილად ვერ მივიღებ პირადულად, თუმცა მივიჩნევ რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ და არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციისა და ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის", - განაცხადა კელი დეგნანმა.


