კელი დეგნანი: ელექტრონული არჩევნების შემოთავაზება პოლიტიკური პარტიების მიერ იქნა მოწოდებული და არა ჩვენ მიერ, ჩვენ მოვუწოდეთ, ეს პროცესი უფრო ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულიყო, ვინაიდან რთულია
25/08/2023 11:39:37 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ელექტრონული არჩევნების შემოთავაზება პოლიტიკური პარტიების მიერ იქნა მოწოდებული და არა მათ მიერ.
მისი თქმით, ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი. გვინახავს სხვა ქვეყნებში, სადაც ელექტრონულ არჩევნებს იყენებენ, ჩემი ქვეყნის ჩათვლით. ზოგ ქვეყანაში, გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ არ არის ეს საუკეთესო, მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ როგორ მუშაობს ეს.
„ელექტრონული არჩევნების შემოთავაზება პოლიტიკური პარტიების მიერ იქნა მოწოდებული და არა ჩვენ მიერ. ჩვენ მოვუწოდეთ, ეს პროცესი უფრო ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულიყო, ვინაიდან განსხვავებულია, რთულია და ძალზედ ძვირი პროცესია ამ აპარატურის შეძენა. ასეთი იდეა იყო – ტესტირება უბნების 10%-ში. შემდეგ იყო წინადადება შემდეგ არჩევნებში უბნების 70%-ის დაფარვისა და ამის გაგრძელება იმის მიხედვით, რამდენად უხარვეზოდ და უპრობლემოდ ჩაივლის პროცესი. ყველას გაგვიკვირდა, როდესაც 10 %–დან 90 %–მდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი. ძალზედ ამბიციურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია ამომრჩევლებისათვის, უბნების თანამშრომლებისათვის, საარჩევნო პროცესში მონაწილე თანამშრომლებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია, შემდეგი არჩევნები წარიმართოს სირთულეების გარეშე, რათა არ იყოს შეფერხება და ტექნიკური ხარვეზები.
"ეუთო/ ოდირის ანგარიშს რომ გაეცნოთ, რომელიც 2020/2021 წლის შემდეგ გამოქვეყნდა, სამართლიანი არავის უწოდებია. იყო მთელი რიგი კარგი მოვლენა, რასაც იმ პერიოდშიც ვამბობდით, რომ კარგად ადმინისტრირებული იყო კორონავირუსის დროს. პოზიტიური მოვლენებიც არის, მაგრამ რისი ნახვაც გვსურს არის ის, რომ თითოეული არჩევნები იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე წინა. ბევრი ამომრჩეველი, ვინც საჩივარს წარადგენდა, თვლიდა, რომ პროცესი სათანადოდ არ წარიმართა, არ ჩატარდა სათანადო შესწავლა, გამოძიება, საჩივრების კვლევა. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი თვლიდეს, რომ მათი საჩივარი სრულად არის განხილული. რწმენა უნდა ჰქონდეთ, რომ არჩევნები სამართლიანია. ეუთო და სხვა დამკვირვებლები ეთანხმებიან ამ შეხედულებას. მომავალი წლისთვის შედგება სადამკვირვებლო მისია და ყველა აღიარებს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება 2024 წელს. 2020 წელს, საერთაშორისო ამომრჩევლებმა ვერც კი შეძლეს ჩამოსვლა პანდემიის გამო, ამიტომაც იყო ნაწილობრივ ამდენი კითხვა, ამდენი დავა პროცესის დასასრულს“, - აღნიშნა ელჩმა.


