კელი დეგნანი: რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის
25/08/2023 12:20:34 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, 12 ევრორეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო აბსოლუტურად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც აქვს ევროკავშირსა და აშშ-ს.
„საქართველო აბსოლუტურად იზიარებს ამ ღირებულებებს, რაც აქვს ევროკავშირსა და აშშ-ს. როგორც აღვნიშნე, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის საქართველოს ისტორია, კულტურა, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაფერი ეს საქართველოს კულტურის ნაწილი. თავისუფლების ესოდენ დიდი სიყვარული, დამოუკიდებლობისადმი ერთგულება, სურვილი, რომ აიგოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, რაც ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს. რაც აკავშირებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ოჯახის, რწმენის, თავისუფლების სიღრმისეული სიყვარულია. ეს არის ორივე კულტურის ნაწილი. ამერიკელები რატომ გრძნობენ თავს ასე კომფორტულად საქართველოში, თითქოს შინ არიან, ან ქართველები ამერიკაში? ზუსტად ამიტომ, მტკიცე ორიენტაცია ევროპისკენ აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერი თავისუფლების მოყვარული, დემოკრატიისკენ სწრაფვის მქონე ადამიანი, საზოგადოება მსოფლიოში ამით არის განმსჭვალული. ევროკავშირის 12 რეკომენდაცია არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის თავად საქართველოსთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო წარმატებას მიაღწევს:
„საქართველოს მოქალაქეებს ეს დნმ-ში აქვთ, მათ სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება. ერთ-ერთი ბირთვი, ფუნდამენტური კავშირი, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსთან, არის ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. სუვერენიტეტი კი ნიშნავს კულტურისა და ისტორიის და ტრადიციების დაცვას. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეძლოს ეს, ვინაიდან უაღრესად დიდ პატივს ვცემთ არა მხოლოდ იმას, რაც თქვენ შეასრულეთ 30 წლის განმავლობაში, არამედ იმას, რაც შეასრულეთ 26 საუკუნის განმავლობაში“.


