ირაკლი ქადაგიშვილი: "საქართველო დღეს დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და არ ექვემდებარება, პირველ ყოვლისა, მედვედევის კარნახს"
27/08/2023 20:14:22 პოლიტიკა
რუსეთის წარმომადგენლის მთავარი მიზანია არა ხელისუფლების შექება, არამედ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაცია არ მოხდეს. ამიტომ მისი განცხადებები ყოველთვის ხდება რადიკალური ოპოზიციის მაშველი რგოლი, რათა საკუთარი პროპაგანდა გააჩაღონ. ეს მიზანი აქვს მედვედევის ამ კონკრეტულ განცხადებასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია, გამოირჩევა პრაგმატიზმით, შეუძლებელია, ეს არ აღვნიშნოთ“.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მედვედევი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს კვებავენ, ხოლო საქართველო თავისი გზით აგრძელებს განვითარებას და მედვედევის განცხადებები არ განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების კურსს.
„რეალობა ისაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ ეხვეწებოდა პუტინს შეხვედრას, საზღვარზე მოსვლას არავის ეხვეწებოდა, არ გადაუცია რუსეთისთვის არცერთი მცირედი ობიექტი. დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ რუსეთთან ომი არ დაუშვა, მათთან სახვეწარი არ გვაქვს, მოახერხა, რომ მათ, შორის ასეთი, განცხადებებით საქართველოში ვითარების არევას ვერ ახერხებენ. რა თქმა უნდა, ხანმოკლე პერიოდით, რადიკალურ ოპოზიციას მათი ნარატივის, რაც არის „რუსული ოცნება“, საკვებად ასეთ პროპაგანდისტულ საკვებს აძლევს მედვედევი.
მედვედევი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს კვებავენ, საქართველო და მისი ხელისუფლება თავისი გზით აგრძელებს განვითარებას. ალბათ გახსოვთ, მედვედევმა 2008 წელს უფრო მეტის უფლემა მისცა თავის თავს, ჯარები შემოიყვანა საქართველოში, განცხადების გაკეთების უფლებას რატომ აძლევს მედვედევი თავის თავს, ნოუჰაუ აღმოაჩინეთ თუ რა ქენით? ნუ გიხარიათ მედვედევის განცხადებები. მედვედევის განცხადებები არ განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების კურსს. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს პრაგმატულად, ქვეყნის მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის, საქართველოს ერთიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გადის მხოლოდ მშვიდობიან და საქართველოს განვითარების გზაზე. ეს განვითარების გზა საქართველოსთან აფხაზეთის და ცხინვალის რეინტეგრაციის საბოლოო საწინდარი იქნება. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მედვედევმა, ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო არის განვითარების გზაზე და არა ომის და გაჩანაგების გზაზე. საქართველო დღეს დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და არ ექვემდებარება, პირველ ყოვლისა, მედვედევის კარნახს. განსხვავებით იმისა, რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ვერცერთი საფრთხე ვერ ააცალია საქართველოს. როდესაც ამ საფრთხეების შემდეგ საქართველო იძულებული გახადა, იმ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი, რაზეც მოაწერა, რის შედეგადაც საქართველოს ორი რეგიონი იქნა აღიარებული ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მივიღეთ კიდევ დამატებითი ლტოლვილები, ათასობით და ათიათასობით, და ყველა სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის ენერგეტიკისა, გადაეცა რუსეთს. და მედვედევისგან პირველ განცხადებაში მივიღეთ გარანტიები, რომ საქართველოში აღარ იქნებოდა იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან საფრთხეები რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ კარგად გააანალიზეთ, რა იმოქმედა მედვედევმა და ძველმა ხელისუფლებამ და რას აკეთებს დღევანდელი. მედვედევის განცხადებები დღევანდელი ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მაშველი რგოლი გახდა. მედვედევის განცხადება ხდება ოპოზიციის მაცოცხლებელი, მორიგი იდეოლოგიური სპეკულაციის საშუალება. მეტი რა კავშირი გინდათ, როდესაც მედვედევის განცხადებაა მათი დღის წესრიგი. საქართველოს დღის წესრიგი აბსოლუტურად სხვაა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის: რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განცხადა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.
ამის შესახებ განცხადება მედვედევმა რუსულ ტელეკომპანია RT-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„ხელმძღვანელების ამჟამინდელი თაობა და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია, ყოველ შემთხვევაში, გამოირჩევა პრაგმატიზმით, შეუძლებელია, ეს არ აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა მათთან ურთიერთობას ვავითარებთ, სწორედ ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში კვლავ ვიზის გარეშე შემოსვლის ნება მივეცით, სწორედ ამიტომ დაიწყო ფრენები. დიახ, არიან იქ გაცოფებული, შეშლილი და უცნაური ადამიანები. აი, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, არ ვიცი, საერთოდ ქართულად ლაპარაკობს თუ არა, მაგრამ ის არის ფრანგი რაღაც იტალიური გადახრებით, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მადლობა ღმერთს, ასეთი პოლიტიკოსები იქ მთავარ როლს არ ასრულებენ. მით უმეტეს, პრეზიდენტის როლი საქართველოში დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი, რომ რეალობა აღიაროს, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად არსებობა და დაამყაროს მათთან ურთიერთობა“, – განაცხადა მედვედევმა.


