
რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ კვლავ იუწყება
28/08/2023 05:47:37 მსოფლიო
რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ კვლავ იუწყება.
28 აგვისტოს დილით ჯერ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა და შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ "საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქამდე არ მიუშვეს და მოსკოვის ოლქის ლუბერეცის რაიონში ჩამოაგდეს".
„აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა.
ბოლო რამდენიმე თვეა გახშირდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც. მორიგი შეტევის შესახებ დღეს დილით იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი მტკიცებით, გასულ ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.