Accentnews.ge
ოპოზიცია – მიშელის განცხადებაზე: ყველა შეთანხმდა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, "ოცნებაა“

ოპოზიცია – მიშელის განცხადებაზე: ყველა შეთანხმდა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, "ოცნებაა“

29/08/2023 10:09:33 პოლიტიკა

"ყველა შეთანხმდა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ერთადერთი ვინც ამას ეწინააღმდეგება თავგზააბნეული „ქართული ოცნებაა“, – ასე ეხმიანება „ლელოს“ წევრი დეპუტატი დავით უსუფაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის 2030 წლისთვის გაფართოების თაობაზე.

მისი თქმით, საქართველოს უნიკალური შანსი გაუჩნდა, თუმცა, „ქართული ოცნების“ უგუნურმა პოლიტიკამ სერიოზულად შეაფერხა საქართველოს წინსვლა:

"როცა საქართველოს ეს უნიკალური შანსი გაუჩნდა, მათმა უგუნურმა პოლიტიკამ სერიოზულად შეაფერხა საქართველოს წინსვლა და ვეღარ ვართ ამ წუთის მდგომარეობით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად პირველი რიგის კანდიდატებში, მაგრამ ევროპა, ევროპული სახელმწიფოები, ევროკავშირი ცალსახად გვეუბნება, რომ მზად არიან იხილონ საქართველო უსაფრთხოების, თავისუფლების, კეთილდღეობის ამ დიდ ოჯახში. „ქართულ ოცნებას“ ამის ეშინია, რადგან თავისუფლების, თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, ევროპა სწორედ თავისუფალ მოქალაქეებზე დგას და არა ლიდერებსა და ვინმე მესიებზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და შევეცადოთ მზად ვიყოთ იმ დროისთვის, როცა შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში აქტიური მუშაობის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს ქვეყნის შიგნით ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის:

„შარლ მიშელის განცხადება, მანამდე ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის განცხადება მოწმობს იმას, რომ შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. [...] დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა საქართველოს საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. ეს არის ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რაც, სამწუხაროდ, არ სრულდება და რომლის შესრულების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მოლდოვა და უკრაინა ალბათ მიიღებენ მიწვევას გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა - ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე ვერ მოგვცემს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მისია შესასრულებელი გვაქვს 2024 წლისათვის - იმისთვის, რომ გაფართოების ახალ ტალღაში მოვყვეთ, აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება არჩევნების შედეგად შეიცვალოს და ხელისუფლებაში დემოკრატიული, პროდასავლური ძალები მოვიდნენ, ვინც ყველა იმ რეფორმას გაატარებს, რაც აუცილებელია გაფართოების ტალღისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ტალღას ჩვენ ვერ დავეწევით, რადგან რეფორმები და გაფართოებისთვის მუშაობა ხელისუფლების მიზანი არ არის".

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება - ეს არის “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტატუსი არ მივიღოთ და ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია.

“ჩვენი ქვეყნის მეგობარმა შარლ მიშელმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპის გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენი ადგილი ნამდვილად არის ევროპაში. იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სწრაფვა ისტორიული ადგილის დაბრუნებისკენ, რომ ჩვენ ამ ბარიერს გადავლახავთ, სტატუსს ძალიან მალე მივიღებთ და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის.

„ეს არის კონსენსუსი ევროპელ ლიდერებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული ვადაა - არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. დღეს ხომ ამ ყველაფერს ხელს უშლის „ქართული ოცნება“ და ამ განცხადებაში ესაა ნათქვამი. ფაქტობრივად, ჩამოშორებულია ინტეგრაციის პროცესს „ქართული ოცნების“ გამო საქართველო. გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ვხდებით ევროკავშირის წევრი, რაც ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ემიგრანტების დაბრუნებას, ძლიერ სოფელს, ძლიერ ქალაქს, ძლიერ ოჯახებს საქართველოში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ვერანაირი „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეუშლის ხელს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის: 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენმა შარლ მიშელმა სლოვენიაში ბლედის სტატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრისას კონკრეტული თაღირი დაასახელა და განაცხადა, რომ ევროკავშირიც და მომავალი წევრი სახელწიფოებიც 2030 წლისთვის უნდა მოემზადონ. გაფართოებაზე საუბრისას მიშელმა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა.

„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც. მჯერა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - ორივე მხრიდან - 2030 წლის გაფართოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ჩვენს საერთო მიზნებს, ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი. ეს რეფორმებს იმპულსს შესძენს“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

მანვე აღნიშნა, რომ გაძლირებისა და დაცულობისთვის ევროკავშირს სჭირდება გაფართოება:

„იმისათვის, რომ გახდეს უფრო ძლიერი და დაცული, ევროკავშირს სჭირდება კავშირების გაძლიერება და ძლევამოსიდან ქცევა, ამიტომაც დადგა დრო დავკავდეთ გაფართოების გამოწვევით. ჩვენთვის ევროკავშირისთვის და ჩვენი მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის. დიახ, მჯერა ასე უნდა ვუწოდოთ ქვეყნებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ევროპული პერსპექტივა. დადგა დრო, როცა თავი უნდა დავაღწიოთ გაურკვევლობას, დროა, გამოწვევებს ნათლად და გულწრფელად გავუმკლავდეთ. დასავლეთ ბალკანეთის გზა ევროკავშირისკენ 20 წლის წინ დაიწყო. 2003 წლის სალონიკის სამიტმა დაამტკიცა ევროპული პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთისთვის. მაგრამ ევროკავშრისკენ სვლის ნელმა ტემპმა ბევრს იმედი გაუცრუა რეგიონშიც და ევროკავშირშიც“.

  • 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
  • გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S