"ოცნების" რეაქცია მიშელის განცხადებაზე: "ცოტა ზოგადი იყო, იმედია, დაკონკრეტდება, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის"
29/08/2023 10:15:21 პოლიტიკა
"ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ან ახლა მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის 2030 წლისთვის გაფართოების თაობაზე.
მისი თქმით, მიშელის განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარე:
"ზოგადად, კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ეს განცხადება ცოტა ზოგადი იყო და ვის შეეხება 2030 წელი, ეს არის საინტერესო. არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ მაგალითად 18, 12 წლის წინ, ასეთი ქვეყნებიც არიან. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, მომავალში დაკონკრეტდება, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, ან რომელიც ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს".
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს:
"ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე, ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის 50/50-ზე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი მზად არის".
როგორც მან აღნიშნა, "რეალურად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით".
„2030 წლისთვის ვინ იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება საქართველო სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის წმინდა პოლიტიკური განზომილება, ასევე ეკონომიკური განზომილება. 2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივა, ეს საქართველო იქნება, თუმცა ჩვენ ამასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა გვჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ოპოზიციას არანაირად არ სურს, საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.
ცნობისთვის: 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენმა შარლ მიშელმა სლოვენიაში ბლედის სტატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრისას კონკრეტული თაღირი დაასახელა და განაცხადა, რომ ევროკავშირიც და მომავალი წევრი სახელწიფოებიც 2030 წლისთვის უნდა მოემზადონ. გაფართოებაზე საუბრისას მიშელმა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა.
„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც. მჯერა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - ორივე მხრიდან - 2030 წლის გაფართოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ჩვენს საერთო მიზნებს, ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი. ეს რეფორმებს იმპულსს შესძენს“,- განაცხადა შარლ მიშელმა.
მანვე აღნიშნა, რომ გაძლირებისა და დაცულობისთვის ევროკავშირს სჭირდება გაფართოება:
„იმისათვის, რომ გახდეს უფრო ძლიერი და დაცული, ევროკავშირს სჭირდება კავშირების გაძლიერება და ძლევამოსიდან ქცევა, ამიტომაც დადგა დრო დავკავდეთ გაფართოების გამოწვევით. ჩვენთვის ევროკავშირისთვის და ჩვენი მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის. დიახ, მჯერა ასე უნდა ვუწოდოთ ქვეყნებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ევროპული პერსპექტივა. დადგა დრო, როცა თავი უნდა დავაღწიოთ გაურკვევლობას, დროა, გამოწვევებს ნათლად და გულწრფელად გავუმკლავდეთ. დასავლეთ ბალკანეთის გზა ევროკავშირისკენ 20 წლის წინ დაიწყო. 2003 წლის სალონიკის სამიტმა დაამტკიცა ევროპული პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთისთვის. მაგრამ ევროკავშრისკენ სვლის ნელმა ტემპმა ბევრს იმედი გაუცრუა რეგიონშიც და ევროკავშირშიც“.
- 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
- გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


