კობახიძე – კარასინის განცხადებაზე: ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით წარმატებული იყო
29/08/2023 10:27:37 პოლიტიკა
"ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით წარმატებული იყო", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვით, "მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ".
კობახიძის თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება.
„ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს. ჩვენ ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით ყველაფრის მიუხედავად წარმატებული იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე იყო საუბარი, რატომ შემოიტანეს ეს თემა რუსეთიდან, კობახიძე ასე პასუხობს:
„არ ვიცი, მე არ მინდა საერთოდ ამ თემას ჩავუღრმავდე. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან დიდი მიღწევა და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და რა თქმა უნდა, ვერავითარი განცხადებები ამაში ხელს ვერ შეგვიშლის“, - განაცხადა კობახიძემ.


