DW: გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას გეგმავს
30/08/2023 10:05:26 პოლიტიკა
გერმანიის მთავრობა გეგმავს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს, – იუწყება DW.
მისი ცნობით, საქართველოსა და მოლდოვისთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ გერმანია შეძლებს თავშესაფრის თაობაზე განაცხადების დამუშავების პროცესის დაჩქარებას და ქვეყნიდან გაცილებით სწრაფად გაძევებას იმ პირებისა, რომლებიც თავშესაფარს ვერ მიიღებენ.
DW-ს ინფორმაციით, ფედერალური მთავრობა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წადგენილი შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერას დღეს აპირებს.
მედიაჯგუფ Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული, ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი, ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის სწრაფად და ეფექტიანად შემცირებას.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს არ ემუქრება პოლიტიკური ნიშნით დევნა.
ნენსი ფეზერის ინფორმაციით, გერმანია გეგმავს საქართველოსა და მოლდოვასთან გააფრომოს მიგრაციასთან დაკავშირებული შეთანხმებაც, რაც გერმანიაში ჩასვლის მსურველებს მისცემს განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საქართველოსა და მოლდოვაში იმ მოქალაქეების სწრაფად დაბრუნებას, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.
როგორც DW წერს, 2023 წლის პირველ ნახევარში, გერმანიამ საქართველოდან და მოლდოვიდან ჩასულების მხოლოდ 0,1%-ს დაუკმაყოფილა თავშესაფრის მიღების განაცხადი.


