გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა
30/08/2023 12:22:16 პოლიტიკა
გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა. დღეს, 30 აგვისტოს ფედერალურმა მთავრობამ მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რაც ნიშნავს, რომ გერმანია გაცილებით სწრაფად შეძლებს დეპორტაციას საქართველოს და მოლდოვის იმ მოქალაქეების, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას აკრიტიკებს უფლებადამცველთა ჯგუფი Pro Asyl. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები. გარდა ამისა, ჯგუფის შეფასებით, საქართველოში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის, ხოლო მოლდოვაში პრესის თავისუფლების მხრივ.
თავის მხრივ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა მედიაჯგუფ Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს არ ემუქრება პოლიტიკური ნიშნით დევნა. ფეზერის თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული, ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი, ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის სწრაფად და ეფექტიანად შემცირებას.
ნენსი ფეზერის ინფორმაციით, გერმანია გეგმავს საქართველოსა და მოლდოვასთან გააფორმოს მიგრაციასთან დაკავშირებული შეთანხმებებიც, რაც გერმანიაში ჩასვლის მსურველებს მისცემს განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საქართველოსა და მოლდოვაში იმ მოქალაქეების სწრაფად დაბრუნებას, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.
გერმანიის შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 8 865-მა და მოლდოვის 5 218 მოქალაქემ. განაცხადების 99,9% არ დაკმაყოფილდა.


