
შს მინისტრი: "ვცდილობთ, თბილი წყალი გამოვიყენოთ"
03/12/2019 09:50:34 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
„ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მან კომენტარი გააკეთა თბილისსა და მცხეთაში დაფიქსირებულ ძალადობრივ ინციდენტებზე. მისი თქმით, საქმე აღძრულია და პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.
„გამოძიება დაიწყო შეხლა-შემოხლაზე. ჩვენ მათ მივუწოდეთ, რომ ჩაბრძანებულიყვნენ ქვემოთ. მოხდა დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის. ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს, იყო ჭიდაობა პოლიციასთან, რაც ძალიან სამწუხაროა. საქმე აღიძრა და თუ დასაკავებელია, დააკავებენ ადამიანებს. მივიდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები და გამოხატეს პროტესტი. სტიკერებს აკრავდნენ, თუ საღებავს ასხამდნენ, ეს მეორე თემაა. მოვიდა პოლიცია და დაპირისპირება მოუხდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირობითად. ვინ უნდა გაწიოს პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან „ქართული ოცნების“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები?“,- განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, "სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ხდება".
„ძალიან ცუდია, რაც ხდება და არ უნდა ხდებოდეს დაპირისპირება, ახალგაზრდები არიან, ქართველები არიან და ჩვენი მოქალაქეები არიან. პოლიციის მოწოდების მიუხედავად, დაწვნენ ძირს, არ დგებოდნენ, ერთი შეუძლოდ გახდა, სამწუხაროდ. პოლიციამ რა უნდა ქნას – ესენი არ დგებიან, ვისი ოფისიც არის, ისინი აგრესიას გამოხატავენ. ორივე მხარეს იყო დაპირისპირება, თუ ხელს მოკიდებენ და ჩასვამენ მანქანაში, პოლიციამ დააკავა და რატომ აკეთებს ამასო, როცა არ აკეთებს ამას, რატომ არ აკეთებსო. ძალიან რთულია ამ ადამიანებისთვისაც. ქუთაისში არ მახსოვს, მაგრამ მცხეთასა და თბილისში მომხდარზე დაწყებულია გამოძიება“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის: მოძრაობა "სირცხვილიას" და "გაბედეს" აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისთან გუშინ დეპუტატ ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. მათ ადგილზე მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები დახვდნენ. ადგილზე იყვნენ რეგიონებიდან მობილიზებული პირებიც. როგორც საჯაროდ განიმარტა, რეგიონებიდან ახალგაზრდები პარტიულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოიყვანეს. "ქართული ოცნების" ოფისთან რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. ოპოზიციონერები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდა.