Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი აქვს

ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი აქვს

31/08/2023 10:14:47 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტები კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, მასზე რეაგირების ერთ-ერთი თეორიული მექანიზმი იმპიჩმენტია, თუმცა, მისი თქმით, პროცედურას პარლამენტში 100 ხმა სჭირდება.

მისი თქმით, "სალომე ზურაბიშვილს აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან, ამ გარანტიის გარეშე იგი კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა".

„ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს, მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს საქართველოს პარლამენტის შენობაში გააკეთებს თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ის პირდაპირ დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში, შესაბამისად, გამოდის, რომ მისი აზრით, საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის პირდაპირ დაპირისპირებაში ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან.

რაც შეეხება რეაგირებას, ერთი, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ აქ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა, თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. საზოგადოება მეტ-ნაკლებად, ალბათ, გათვითცნობიერებულია იმაში, თუ ვის შეიძლება, ვგულისხმობდეთ ამაში. ეს არის გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, "კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებენ":

"საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, რომ განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში, აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ".

ცნობისთვის: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისარელში ვიზიტებზე:

"გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.

სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.

შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა".

საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებში წასასვლელად მთავრობის დასტური სჭირდება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას უარი უთხრეს პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S