ბორელი: ევროკავშირს ახალი წევრების მისაღებად დროის განსაზღვრა სჭირდება, ეს შეიძლება, 10 ქვეყანა იყოს

31-08-2023 21:56:00 ევროპა ,მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირში ახალი წევრების მისაღებად დროის განსაზღვრისადმი.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა ესპანეთის ტოლედოში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გაფართოების საკითხი მათ "დისკუსიებზე ტრიალებდა".

„უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთ ბალკანეთიც და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გვერდითი ეფექტი ჰქონდა გაფართოების პროცესის დაჩქარების კუთხით, - რაც აშკარად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო გახდება წევრი მაშინ, როცა ყველა პირობას შეასრულებს“, - აღნიშნა ბორელმა და დასძინა, „მაგრამ ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დაფიქსირება, რათა ბიძგი მისცეს პოლიტიკურ პროცესს. და რა თქმა უნდა, ბიძგი ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ათი ახალი წევრის გამოჩენამდე".

ბორელმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა და მიუთითა, რომ ევროკავშირის გაფართოების „დროებით მიზანს“ შეუძლია „ჩვენი და კანდიდატი ქვეყნების ენერგიის მობილიზება“.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს სლოვენიის საკურორტო ქალაქ ბლედში გამართულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად 2030 წლისთვის. შეკრებილ ლიდერებთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რადგან ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს როგორც სარგებელი, ასევე პასუხისმგებლობები. თუმცა, ევროკომისიაში მოწოდებას მხარი არ დაუჭირეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები