01-09-2023 11:47:46 პოლიტიკა
პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატს გააჩნია. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად აუცილებელია მინიმუმ, 50 კანონმდებლის ხელმოწერა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე 84 დეპუტატია. ეს საკმარისია საკონსტიტუციო წარდგინების გასაკეთებლად, თუმცა არა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.
იმპიჩმენტის პროცედურა
ცნობისთვის: „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.
მიმდინარე წლის 31 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მმართველ პარტიას მიმართა, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის მუქარის, სასამართლოში ჩივილის, თუ სხვა ბრალდებების მიუხედავად, "ვერ შეცვალეს და ვერც შეცვლიან":
"შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით".