01-09-2023 14:37:48 ანალიზი
ევროპული ტურიდან შინ დაბრუნებულ პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოუწევს სამართლებრივი დავა, რადგან როგორც უკვე დაანონსდა, მმართველი გუნდი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ვიდრე ვისაუბრებდეთ, აქვს თუ არა ამ პროცედურას აღსრულების პერსპექტივა, მის საფუძვლებზე გავამახვილოთ ყურადღება.
რა მოხდა?
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში ვიზიტით იწყებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას. პრეზიდენტი უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, 1 სექტემბერს შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს.
30 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.
მთავრობა გამოვიდა შეხსენებით, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".
მოგვიანებით საქართველოს საგარეო უწყებამ განმარტა, რომ ვინაიდან პრეზიდენტის ვიზიტი არაა შეთანხმებული მთავრობასთან, საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში საელჩოები არ მონაწილეობენ.
31 აგვისტოს მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა, ხოლო 1 სექტემბერს განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და „კონსტიტუციის დარღვევის“ დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ვინ დაარღვია კონსტიტუცია?
კონსტიტუციონალისტთა ნაწილი იზიარებს „ქართული ოცნების“ არგუმენტაციას კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს კონსტიტუციონალისტს, იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს. ის ეყრდნობა არგუმენტს, რომ პრეზიდენტისთვის პირადი პოზიციის დაფიქსირების უფლება არავის ჩამოურთმევია:
„გვაქვს კონსტიტუციის 52–ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობების განხორციელებისას მოქმედებს მთავრობის თანხმობით, ნებისმიერ შეხვედრაზე, კონფერენციაზე თუ საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში გამართულ რაიმე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ყველაფერი შეთანხმებულია მთავრობასთან საკითხების ჩათვლით, რომლებზეც ის ისაუბრებს – პრეზიდენტი გამოხატავს როგორც საკუთარ, ისე მთავრობის პოზიციას. ამ დროს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობს. თუ პრეზიდენტს ამგვარი თანხმობა არ აქვს, ის აღარ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ აქვს უფლება პრეზიდენტს, გამართოს შეხვედრები და იქ საკუთარი პოზიცია გამოხატოს? ვფიქრობ, რომ აქვს: პრეზიდენტისთვის არავის და არაფერს აუკრძალავს ის, რომ მან საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე. პრეზიდენტს შეუძლია, გამართოს პრესკონფერენცია, მისცეს ინტერვიუ, შეაფასოს ნებისმიერი საკითხი. თუ ამ ყველაფრის უფლება აქვს, მაშინ, ლოგიკურად, მას თავისი აზრის გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პირთან შეხვედრის დროსაც, მაგრამ ეს იქნება მისი პირადი აზრის გამოხატვა – ის ამ დროს სახელმწიფო ხელისუფლების პოზიციას არ წარმოადგენს“.
ამრიგად, ხმალაძის არგუმენტაციით, თუ პრეზიდენტმა ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განაცხადა, რომ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ამ შემთხვევაში დაირღვეოდა კონსტიტუცია, ხოლო თუ მხოლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა – არა.
კონსტიტუციონალისტი კონსტიტუციის კიდევ ერთ – 78–ე მუხლზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათ შორის, პრეზიდენტთან დავაში გამოწვევებს მთავრობას უქმნის. ეს მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააკეთონ ყველაფერი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
საქმე იმაშია, რომ შემოდგომაზე საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია: ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს საკუთარი შეფასება, რამდენად შეასრულა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პირობა. ამ კუთხით კი თუ შუალედური შეფასებით და შემდგომი პროცესებით ვიმსჯელებთ, ვითარება არც თუ სახარბიელოა: ივნისის მდგომარეობით საქართველოს 3 რეკომენდაცია სრულად აქვს შესრულებული; 7 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს; 1 რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს. 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი. მას შემდეგ ფუნდამენტური ძვრები არ შეიმჩნევა, მმართველი გუნდი კი მსგავს შეფასებებს არ იზიარებს. ამდენად, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ლობისტებს და მხარდამჭერებს გეოპოლიტიკური კონტექსტის და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გამოყენება უწევთ არგუმენტებად. მსგავს პოზიციას აფიქსირებს პრეზიდენტიც თავის საჯარო გამოსვლებში და უნდა ვივარაუდოთ, რომ დააფიქსირებს ევროტურის ფარგლებშიც. ამ შემთხვევაში, ვიზიტის მიზნის გათვალისწინებით, მით უფრო, რომ საქართველოს ტრადიციული მხარდამჭერებიც კი აღარ ამჟღავნებენ დიდ ენთუზიაზმს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებიდან გამომდინარე და აქტიური კომუნიკაციის საჭიროება სახეზეა, ჩნდება კითხვა, მთავრობამ პრეზიდენტისთვის ვიზიტზე უარის გამოცხადებით დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 78–ე მუხლი?
„პრეზიდენტის პოზიცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ცნობილია. მაღალი ალბათობით, პრეზიდენტი თავისი ტურნეს დროს ამ საკითხს გაუწევს ლობირებას. და როდესაც მთავრობამ მას ამის გაკეთებაზე უარი უთხრა, ხომ არ დაარღვია კონსტიტუციის 78–ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომ ყველა ზომა მიიღოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის?!“,– სვამს კითხვას კონსტიტუციონალისტი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რადგან მხოლოდ მას აქვს სამართლებრივი ექსპერტიზის უფლება. თავად პროცედურის დასაწყებად პირველ ეტაპზე 50 დეპუტატის ხმაა საჭირო. ბრალდება გადაეგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, შესაძლებელია პროცედურის გაგრძელება, მაგრამ პროცესის ბოლომდე მიყვანა ამ დროისთვის უპერსპექტივოდ მოჩანს – პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში – 56. ამდენად, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მოელიან, რომ მმართველი გუნდი ამას ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობისთვის გამოიყენებს, რომელთანაც დაპირისპირებაშია განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ საგარეო პოლიტიკური კურსის კონტექსტში. ხოლო თუ დარღვევა არ დადგინდა, ეს მორიგი სამართლებრივი დარტყმა იქნება „ქართული ოცნებისთვის“.