ვარჰეი: გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში მნიშვნელოვან წინადადებებს წარვადგენთ

01-09-2023 17:27:46 ევროპა

ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისია ოქტომბერში გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან წინადადებებს წარადგენს.

„ევროპული საბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება [გაფართოება] სურთ და ეს მისასალმებელია“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მას ჰკითხეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაზე, რომ წევრობის კანდიდატი ქვეყნები და თავად ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

„ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს", – თქვა ამასთან დაკავშირებით ევროკომისარმა, თუმცა დასძინა, რომ კონკრეტული ვადების დაჟინებით მოთხოვნა არ უნდა მოხდეს.

„არა მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის ნების საკითხი და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე შესრულება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან. 2030 წელს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ - ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა ქვეყანამ და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ - უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, დააჩქარებს "ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში":

"ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან".

Новости

Другие новости