პირველად აჩვენეს რუსი მფრინავი, რომელიც მი-8 ვერტმფრენით გაიქცა უკრაინაში [ვიდეო]
04/09/2023 06:41:01 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი "რუსეთის ჩამოგდებული მფრინავები", რომელმაც ოფიციალური ვერსიით, მი-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის მხარეს გადაიყვანა სპეცოპერაციის „სინიცა“–ს ფარგლებში.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეს პილოტი 28 წლის მაქსიმ კუზმინოვია. ის მსახურობდა რუსეთის 319-ე პოლკში, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი პრიმორსკის მხარეა.
ფილმში კუზმინოვი ყვება, რომ თავად დაუკავშირდა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, სიტუაცია აუხსნა, მათ კი შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები, ახალი დოკუმენტები და ფულადი კომპენსაცია.
კუზმინოვის ინფორმაციით, რუსეთიდან უკრაინაში მისი გადაფრენის დეტალების დაგეგმვის შემდეგ, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონიდან საკუთარი კოორდინატები გადასცა და უკრაინის ტერიტორიამდე იფრინა შეძლებისდაგვარად დაბლა, რადიოდუმილის რეჟიმში.
კუზმინოვი საკუთარ მოტივაციას იმით ხსნის, რომ რაც დღეს ხდება, უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია და არ სურს ამ დანაშაულის ხელშემწყობი იყოს.
მისივე თქმით, ცალსახაა, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კუზმინოვმა უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა სხვა რუს მფრინავებსაც და განაცხადა, რომ უკრაინაში არანაირი ნაცისტები და ფაშისტები არ არიან.
ფილმში, ნათქვამია, რომ მაქსიმ კუზმინოვისგან მიიღეს საკმაოდ ღირებული ინფორმაცია რუსეთის ავიაციის, კავშირგაბმულობის სისტემებისა და აეროდრომების ქსელის შესახებ.
ინფორმაცია, რომ რუსი პილოტი მი-8 ტიპის ვერტმფრენით უკრაინის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა, პირველად 23 აგვისტოს გავრცელდა.
მოგვიანებით სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ინფორმირებულნი არ იყვნენ და როდესაც მიხვდნენ, რა ხდებოდა, გაქცევა სცადეს და მათი ლიკვიდაცია განხორციელდა.


