
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა
03/12/2019 12:20:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა.
პარტიის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი თვე-ნახევრის წინ დაიგეგმა და მის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეხვედრების თემა კი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივები და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.
„ნინო ბურჯანაძე აუცილებლად მწვავედ დააყენებს საკითხს საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანების გატაცებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ, "რადიო თავისუფლების" ცნობით, პარტიის პრესსამსახურში, სადაც განმარტავენ იმასაც, რომ ნინო ბურჯანაძეს არ მოსწონს რუსეთთან პირისპირ დიალოგის არქონის რეჟიმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს.
კითხვაზე, თუ რა სტატუსით გაემგზავრა ნინო ბურჯანაძე რუსეთში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგებაზე შეხვედრების გასამართად, პარტიის პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ „ნინო ბურჯანაძის სტატუსი არის საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის ორჯერ შემსრულებელი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ასე რომ, ის, რომ დღეს პარლამენტში არ ზის და ხელისუფლებაში არ არის, ეს არაფერს არ წყვეტს. მას საკმაოდ დიდი რეგალიები აქვს საიმისოდ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეხვდეს პოლიტიკურ წრეებს“.
ბურჯანაძე მოსკოვს სისტემატიურად სტუმრობს. იგი 2017 წლის ნოემბერში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსულ სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის მისაღებად. 2015 წლის ივლისში ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო რუსეთის დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე “მსოფლიოს და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები 21-ე საუკუნეში”.2010 წლის დეკემბერში ნინო ბურჯანაძე ზურაბ ნოღაიდელთან ერთად დაესწრო ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის აფეთქებული მემორიალის ანალოგის გახსნის ცერემონიალს, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა.