კრამერი - პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ეს არის მთავრობის მცდელობა, არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება
04/09/2023 06:55:54 პოლიტიკა
"ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის" გლობალური პოლიტიკის დირექტორი / სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი "ქართული ოცნების" მიერ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას ეხმაურება. მისი შეფასებით ეს არ არის ჭკვიანური ქმედება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელის შეშლაა.
კრამერმა განცხადება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა:
"მერვე წელია, რაც ეს კონფერენცია ტარდება და ყველა, ვინც მასში მონაწილეობას იღებს, არის საქართველოს მხარდამჭერი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება კონკრეტულად ამ ქვეყანაში თუ რეგიონში. ჩვენ გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, დემოკრატიული რეფორმებისადმი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინა, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, საფრთხის წინაშე დგანან, ეს საფრთხე მოდის მოსკოვიდან და მას ჰქვია პუტინიზმი. რუსეთს სურს, რომ აკონტროლებდეს თავის სამეზობლოს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ლახავს და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას და რა თქმა უნდა საქართველოს.
ჩვენ საქართველოში საინტერესო დროს ჩამოვედით: პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოგზაურობს ევროპაში იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანოს, მთავრობა კი ამის გამო მას იმპიჩმენტს უწყობს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მთავრობის მცდელობა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება არ დაუშვას და ვთვლი, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩემი აზრით, იმპიჩმენტის წამოწყება არ არის ჭკვიანური ქმედება. მე მოვდივარ იმ ქვეყნიდან, სადაც ორ პრეზიდენტს მოუწყვეს იმპიჩმენტი და მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს" - განაცხადა დევიდ კრამერმა.
კონფერენცია სახელწოდებით "პუტინიზმის დამარცხება" დღეს გაიხსნა. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება "ქართული ოცნება". კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.
ცნობისთვის, ქართული ოცნება ევროპაში გამართული შეხვედრების გამო, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მისი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისთვის საჭირო 50 ხელმოწერის შეგროვებას უმრავლესობა დღეს გეგმავს.


