პაპუაშვილი: ვიმედოვნებთ, 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე
04/09/2023 07:26:47 პოლიტიკა
ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ამირ ოჰანასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა. მადლიერები ვართ ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას. განსაკურებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით:
„მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში.
შეხვედრაზე, აგრეთვე, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ".


