
საგამოძიებო სამსახური თბილისში დანაშაულებრივი "ქოლცენტრის" გამოავლენის შესახებ იუწყება
04/09/2023 07:30:34 სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლცენტრი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას.
ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები.
"გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.