ნაცვლიშვილი: სადეპუტატო შეკითხვების უპასუხოდ დატოვებით აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, წაშალოს დანაშაულის კვალი შოვში
04/09/2023 09:08:49 პოლიტიკა
"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება სადეპუტატო შეკითხვების უპასუხოდ დატოვებით შოვში დანაშაულის კვალის წაშლასა და საკითხის დღის წესრიგიდან გაქრობას ცდილობს.
"სადეპუტატო შეკითხვების უპასუხოდ დატოვებით აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, წაშალოს დანაშაულის კვალი შოვში. რას მიანიშნებს ეს ყველაფერი - პირველი, ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს შოვის საკითხი გაქრეს დღის წესრიგიდან. ხელისუფლება ცდილობს დაფაროს შოვში დანაშაულის კვალი. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არცერთი უწყება არ აპირებს გაიაზროს რამდენად ადეკვატურად შეძლო მოქმედება ამ კრიზისში და რა ნაბიჯებია გადასადგმელი მომავალში იმისთვის, რომ თავი მომავალში მაინც გვქონდეს დაზღვეული ასეთი კატასტროფების დროს სახელმწიფოს სისტემური ჩავარდნისგან, რასაც მოჰყვა უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მასზე რეაგირების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ანა წითლიძის თქმით, "თუ აღმოჩნდება ვინმე ოპოზიციაში, ვინც შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობაც, რადგან ხელისუფლება ცდილობს, სხვადასხვა თემებით გადაფაროს კითხვები და ის პასუხისმგებლობა, რომელიც არსებობს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით".
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რათა მომავალში მაინც მოხერხდეს მსგავსი ტრაგედიის პრევენცია.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციას დაელოდონ.
მისივე მტკიცებით, შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნა "კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობაა."


