Accentnews.ge
ბონდი: საქართველოს ხელისუფლება უფრო რთულს ხდის იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს

ბონდი: საქართველოს ხელისუფლება უფრო რთულს ხდის იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს

04/09/2023 11:56:45 პოლიტიკა

ევროპული რეფორმების ცენტრის წარმომადგენელმა იან ბონდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და ხდის უფრო რთულს იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს.

მან წუხილი გამოთქვა, რომ საქართველომ შესაძლოა, ხელიდან გაუშვას შესაძლებლობების ფანჯარა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა თბილისში ვართ, ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ და რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შეძლოს იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით, რომლითაც საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები. მე ვწუხვარ, რომ ჩვენ შეიძლება ხელიდან გავუშვით შესაძლებლობის "ფანჯარა" საქართველოს შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ვცდები, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ვითარებაში, სადაც საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და ხდის უფრო რთულს იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს“,- განაცხადა იან ბონდმა.

ამასთან, მისი თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტი იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან იმის თქმით, რომ უკრაინა ომის მიმდინარეობისას ალიანსის წევრი ვერ გახდება, პუტინს დღის წესრიგზე კონტროლი მიეცა:

„ამით პუტინს, ფაქტობრივად, სტიმულს აძლევ, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახით ომი გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ნატო უნდა ეცადოს განსაზღვროს, როგორ შეუძლია უკრაინის გაწევრიანება იმ პირობებშიც კი, როდესაც ომი დასრულებული არ არის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S